logo
ENG



კეზერაშვილი "წვრთნების საქმეზე": გამოძიება ისრაელშიც ჩატარდა, წვრთნების ჩატარება დადგინდა

02 აპრ 202322:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/02/yl6nrr35i3koaqk.png

ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საქართველოში მის წინააღმდეგ აღძრულ ე.წ. წვრთნების საქმეს ეხმაურება, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთვის 5 მილიონი ევროს გადახდას ეხება.

კეზერაშვილი დეტალურად ჰყვება როგორ ჩამოიყვანა 2008 წელს თავდაცვის სამინისტრომ ისრაელიდან 200-მდე სხვადასხვა რანგის ოფიცერი და როგორ ჩატარდა წვრთნები. მისი თქმით, ოფიცრებმა საქართველო 2008 წლის 10 აგვისტოს დატოვეს და ამის დამადასტურებელი საბუთებიც არსებობს.

გარდა ამისა, კეზერაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული მხარის მოთხოვნით ე.წ. წვრთნების საქმეზე გამოძიება ისრაელშიც დაიწყო [2014 წელს], თუმცა დადგინდა, რომ წვრთნები ჩატარდა.

"ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, როცა თავდაცვის მინისტრი გავხდი იყო დამელაგებინა ახლო ურთიერთობები ისრაელთან. ასეც ვქენი. ჩემი პირველი ვიზიტი იყო ისრაელში, ჩავედი, შევხვდი ჩემს კოლეგებს და ძალიან ბევრი რამ ავაწყეთ. ამას ახლა ვერ მოვყვები - არც შეიძლება, რომ მოვყვე. მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი იყო წვრთნის ეს პროგრამა, რომელზეც ახლა მედავებიან და ამბობენ, რომ თურმე ეს არ მომხდარა. ეს წვრთნები ჩატარდა, საქართველოში იმყოფებოდა 200-მდე მაღალკვალიფიციური, სხვადასხვა რანგის ისრაელის ოფიცერი, ეს იყო ლიცენზირებული საქმიანობა - ისრაელის სახელმწიფოს გასცა ლიცენზია ამ კომპანიაზე თავდაპირველად და ეს წვრთნები მიმდინარეობდა ჩვეულებრივად, თუმცა შუაში, როცა ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გაიგეს ამის შესახებ, ისინი რაღაც ხერხებით დაუკავშირდნენ ისრაელის მთავრობას და ჩვენ მივიღეთ თხოვნა, რომ უნდა შეგვეცვალა კონტრაქტი. ბოლო ოფიცრები, რომლებიც წვრთნიდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, საქართველოს ტერიტორია ბათუმის გავლით, სარფის გავთლით - დატოვეს 10 აგვისტოს. ეს არის დადასტურებული ფაქტები. ომის დაწყებიდან 2 დღეში. ისინი ბოლომდე ადგილზე იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ თავიანთ საქმეს.

მას შემდეგ რაც მე წამოვედი საქართველოდან და დაიწყეს ეს საქმე, რასაც ახლა მედავებიან, საქართველოს მთავრობის თხოვნით ისრაელშიც დაიწყო ამის შესახებ გამოძიება. ეს გამოძიება, თუ არ ვცდები 2014 წელს დაიწყო და გრძელდებოდა რამდენიმე წელი. ისინი ვერსად ვერ მივიდნენ, ისრაელის გამოძიებამ დახურა საქმე, რადგან ნახეს, რომ ნამდვილად წვრთნები ჩატარდა, კონტრაქტები იყო, ფული არის გადახდილი, ყველაფერი არის წესრიგში და საქმე არის დახურული. მე მომისაჯეს ის რაც მომისაჯეს, თუმცა საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში მე შემიძლია ვთქვა ამაყად, რომ მაქვს შეტანილი ჩემი საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი და მე ეს მხოლოდ მიხარია და ამის შესახებ იცის ყველა ოფიცერმა, ვინც საქართველოში მსახურობდა - იმ პერიოდშიც და მას შემდეგაც", - ამბობს კეზერაშვილი გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში.

***

ლაპარაკია ე.წ წვრთნების საქმეზე - პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო. თუმცა, პირველ ეტაპზე უშედეგოდ - გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო. ე.წ. წვრთნების საქმეზე ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა. დაცვის მხარის მთავარი მტკიცებულებები ვიდეო მასალები და იმ მოწმეთა ჩვენებები იყო, რომლებიც საქართველოში ისრაელიდან ჩამოსული სპეციალისტების მონაწილეობით წვრთნების გამართვას ადასტურებს.

თუმცა, მოგვიანებით, 2021 წელის 25 ივნისს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორმულას დამფუძნებელს პარლამენტის ტრიბუნიდან დაემუქრა და თქვა: "მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს". ამ საჯარო მუქარიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ, საქმე რომელიც ამ დრომდე თაროზე იდო და რომელიც 2-მა ინსტანციამ უკვე განიხილა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გაამართლა კიდეც, ხელახლა წარმოებაში შევიდა. სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში უკვე ჩატარდა და ორივე ინსტანციამ კეზერაშვილს 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ახლა პროცესი უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა. 

პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.

საფრანგეთის და ლონდონის სასამართლოებს კი ქართული მხარისთვის მის ექსტრადირებაზე უარი სწორედ სავარაუდო პოლიტიკური დევნის გამო აქვს ნათქვამი.

 

 


close დახურვა